ცხელების მართვა ბავშვებში
ექიმების რეკომენდაციები
ცხელების მართვა ბავშვებში
ცხელება წარმოადგენს ორგანიზმის ნორმალურ პასუხს სხვადასხვა მდგომარეობაზე, უხშირესად ინფექციურ აგენტებზე. ცხელება ვითარდება, როცა თერმორეგულაციის ცენტრი გამოიმუშავებს ნორმასთან შედარებით მაღალ ტემპერატურას. ძირითადად, ცხელებად მიიჩნევა ტემპერატურის მატება 38* ზემოთ. იმისდა მიხედვით, სად ხდება ტემპერატურის გაზომვა(აქსილარული,ორალური რექტალური, ყურის, შუბლის) შესაძლებელია მივიღოთ მცირედ განსხვავებული ციფრები.
აქსილარული, ყურის და შუბლის ტემპერატურის გაზომვა უფრო ადვილია და უსაფრთხოა, ვიდრე ორალური და რექტალური, თუმცა ისინი ნაკლებად ზუსტია და ზოგ შემთხვევაში საჭიროა ორალური და რექტალური გაზომვით დადასტურება. ბავშვის უსაფრთხოების გამო რექტალური გაზომვისთვის არ გამოიყენოთ ვერცხლისწლის შემცველი მინის თერმომეტრი!
ცხელების მიზეზები: ბავშვებში ცხელების ყველაზე ხშირი გამომწვევია ინფექციები – ძირითადად ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები.
ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- გაციება
- სასუნთქი გზების ინფექციები: რინიტი. ტონზილიტი, კრუპი, ბრონქიოლიტი
- გასტროენტერიტი
- ყურის ინფექციები
- საშარდე გზების ინფექციები
- ზოგიერთ შემთხვევაში ცხელება შეიძლება განვითარდეს იმუნიზაციის შემდეგ.
საინტერესო ფაქტია, რომ არ არსებობს საკმარისი მეცნიერული მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ცხელების კავშირს კბილების ამოსვლასთან და მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზრების სრულად უგულებელყოფაც არ შეიძლება, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს ცხელების ალტერნატიული მიზეზი და 38.9 და მეტი ცხელება არასდროს არ უნდა მიაკუთვნოთ კბილებს!
იცოდეთ, რომ 3 თვემდე ასაკის ბავშვებში ზედმეტად თბილად ჩაცმამ შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის მატება, თუმცა რექტალურად გაზომილი 38 და მეტი ტემპერატურა არასდროს არაა დათბუნებით გამოწვეული და ყოველთვის უნდა შეფასდეს ტემპერატურის ჭეშმარიტ მატებად.
საჭიროა თუ არა ცხელების მკურნალობა?
ცხელების მკურნალობას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, რადგანაც თავისთავად ცხელება არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია ინფექციათან საბრძოლველად, ამასთან მან შეიძლება გარკვეული დისკომფორტიც შეუქმნას ბავშვს.
უმეტეს შემთხვევაში ცხელების მკურნალობა არ არის საჭირო. 3 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომელთაც რექტალური ტემპერატურა აქვთ 38.9 და ნაკლები, სხვაგვარად ჯანმრთელია და აქტიურია მიმდინარე ავადობის დროს, არ საჭიროებენ ცხელების მკურნალობას.
ცხელების მკურნალობა რეკომენდებულია:
თუ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის სხვა და სხვა პრობლემები (მაგალითად გულის, ფილტვების ან ნერვული სისტემის მხრივ, ფებრილური გულყრა). აღსანიშნავია ის რომ, ფებრილური გულყრის (კრუნჩხვის) დროს ცხელების მკურნალობა მისაღებია, თუმცა ყოველთვის ვერ ახდენს გულკრის პრევენციას. მშობლებმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც ბავშვის ცხელების მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას გაუწევს.
ასევე, თუ ჯანმრთელი ბავშვი ცხელების დროს განიცდის ძლიერ დისკომფორტს, უმჯობესია მიეცეს ანტიპირეტული საშუალება, თუნდაც სხვაგვარად ეს არ იყოს აუცილებელი.
ცხელების მკურნალობის მეთოდები:
- მედიკამენტები– ცხელების მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზაა, ისეთი მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა პარაცეტამოლი და იბუპროფენი. დაიმახსოვრეთ! ასპირინის გამოყენება 18 წლამდე ასაკში არ შეიძლება რეის სინდრომის განვითარების რისკის გამო.
აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) მიიღება ექიმის მიერ შერჩეული დოზით, რაც დამოკიდებულია ასაკზე და წონაზე, აუცილებლობის შემთხვევაში ყოველ 4-6 საათში.
იბუპროფენი (ნუროფენი) გამოიყენება ყოველ 6 საათში ასევე ექიმის მიერ შერჩეული დოზით. იბუპროფენი არ გამოიყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში!
აცეტამინოფენის და იბუპროფენის კომბინაცია ან მონაცველობა ზრდის ერთი და მეორე მედიკამენტის არასწორი დოზით მიღების შანსს და არ არის რეკომენდებული რუტინულად.
სიცხის დამწევი მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ საჭიროების დროს და არა გეგმიურად!
- სითხით დატვირთვა -მიეცით ადექვატური რაოდენობით სითხე. შესაძლოა, ცხელების დროს ბავშვს არ ჰქონდეს შიმშილის გრძნობა და არ მიიღოს საკვები, რის გამოც არ არის საჭირო საკვების დაძალება, თუმცა აუცილებელია ხშირად შევთავაზოთ სითხე, როგორიცაა რძე(ძროხის და ძუძუთი კვება), ფორმულა ან წყალი.
- დასვენება -რადგანაც სიცხე იწვევს დაღლილობას, მიეცით ბავშვს საშუალება დაისვენოს იმდენ ხანს, რამდენიც სურს. სკოლაში ან სხვა აქტივობაში დაბრუნება შესაძლებელია 24 საათიანი უსიცხო პერიოდის შემდეგ.
- დაზელვა და აბაზანები – არ არის ისეთივე ეფექტური, როგორც მედიკამენტები და, ჩვეულებრივ, ძირითადად არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით არ შეიძლება ალკოჰოლის (ძმარი, სპირტი) გამოყენება დაზელვის დროს, კანიდან შეწოვის შედეგად განვითარებული ინტოქსიკაციის რისკის გამო. დაზელვის აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია 30* მდე შემთბარი წყლის და არა ძალიან ცივი წყლის გამოყენება.
- რაც შეეხება ანტიბიოტიკებს– ის გამოიყენება ცხელების გამომწვევ ინფექციასთან საბრძოლველად. ამასთან, ანტიბიოტიკები მოქმედებენ მხოლოდ ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციებზე და არა ვირუსულ ინფექციებზე, მაგ. გაციების და სხვა ვირუსული დაავადების დროს მათი გამოყენება სრულიად უსარგებლოა და საზიანოა. გახსოვდეთ! დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებური მიღება.
ბავშვის ზოგადი მდგომარების სიმძიმე მხოლოდ ცხელების მაღალი ან დაბალი ციფრებით არ გამოიხატება. უფრო მნიშვნელოვანია ბავშვის ზოგადი მდგომარეობა და სხვა სიმპტომები, რომელიც ახლავს ცხელებას. აუცილებელია ჩაიტაროთ ექიმის კონსულტაცია შემდეგ სიტუაციებში:
- თუ ბავშვის ასაკი ნაკლებია 3 თვეზე და რექტალურად აღენიშნება 38* ან მეტი, იმისდა მიუხედავად როგორ გამოიყურება ბავშვი, ამ ასაკის ბავშვებში არ შეიძლება ანტიპირეტული მედიკამენტების მიცემა სანამ არ ჩაუტარდება ექიმის კონსულტაცია.
- თუ 3 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს აღენიშნებათ რექტალური 38* და მეტი 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან ბავშვი გამოიყურება ავად.
- თუ 3 დან 36 თვემდე ასაკის ბავშვს აქვს რექტალური ტემპერატურა 38.9 ან მეტი.
- თუ ნებისმიერი ასაკის ბავშვს აქვს ორალური, რექტალური, ყურის ან შუბლის ტემპერატურა 40* და მეტი ან აქსილარული 39.4 და მეტი.
- ნებისმიერი ასაკის ბავშვი, ანამნეზში ფებრილური გულყრით.
- ნებისმიერი ასაკის ბავშვი, რომელთაც უგრძელდებათ ცხელება 7 დღეზე მეტ ხანს.
- ნებისმიერი ასაკის ბავშვი ცხელებით,რომელთაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება.
- თუ ბავშვს ცხელებასთან ერთად განუვითარდა კანზე ახალი გამონაყარი.